• ლიტერატურული კლუბი - კაფე Libriamoci

      • იტალიური ენა შემოქმედებასთან ასოცირდება, იგი არ არის მხოლოდ ერთერთი უცხოენათგანი, არამედ ეს უდიდესი კულტურის ენაა. სწორედ იტალიაში შეიქმნა მსოფლიო ხელოვნების 70%-ზე  მეტი, ამიტომ ბედნიერია ის, ვისაც უკვე ბავშვობიდან უხდება ამ მშვენიერ სამყაროსთან შეხება.

        ,,ცისკარი'' პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი იტალიური სკოლაა ამიერკავკასიაში. იგი წარმოადგენდეს იტალიური კულტურის კერას  და აქ აღზრდილი მომავალი თაობა იტალიასა და საქართველოს შორის გადებულ ცოცხალ ხიდია: მთარგმნელების, თარჯიმნების, დესპანების, თუნდაც  უძველესი კულტურის ამ  ორი ქვეყნის საერთო ფესვების მაძიებელ მეცნიერთა სახით.

        სწორედ ამიტომ საჭირო იყო, მოზომილი საგაკვეთილო პროგრამების მიღმა, თავისუფალი სივრცის შექმნა, სადაც მოსწავლეები საკუთარ შემოქმედებით  შესაძლებლობებს მოსინჯავდნენ.

        და აი, 2017 წლის 4 ნოემბერს, სკოლა ,,ცისკრის'' იტალიური ენის კათედრასთან, კლუბური მუშაობის ფარგლებში, ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩი'' გაიხსნა, რომელიც ღიაა ყოველ შაბათს, 11 საათიდან.

        ამ მოვლენისათვის ნიადაგი უკვე სკოლის შექნის პირველივე წლებიდან მზადდებოდა: იტალიური ლიტერატურული ნაწარმოებები სპეკტაკლების სახით იდგმებოდა, მოსწავლეების  იტალიურ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები სკოლის ოთხენოვან ჟურნალ ,,ცისკარში'' იბეჭდებოდა, ეწყობოდა შეხვედრები ქართველ და იტალიელ პოეტებთან, ითარგმნებოდა მათი პოეზია. უკვე სამი წელია იტალიურის კათედრა  საელჩოს მიერ შემოთავაზებულ  საერთაშორისო პროექტ ,,ლიბრიამოჩიში’’  მონაწილეობსჟიურის მიერ ყოველწლიურად ჯილდოვდებიან  თარგმანსა და მხატვრულ კითხვაში გამორჩეული უნარის მქონე მოსწავლეები. პირველი პროექტი ლეონარდოს იგავებს მიეძღვნა, მეორე - ჯანი როდარს, მესამე - იტალო კალვინოს მიერ შეკრებილ იტალიურ ზღაპრებს. ... მოკლედ შემოქმედებითი სული სკოლის კედლებში მუდამ ტრიალებდა.

        ,,ლიბრიამოჩის'' კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც იტალიურ ლიტერატურასთან ურთიერთობა სურს. თვით ეს სახელწოდება სამ ძვირფას ცნებას მოიცავს: ფრენა, წიგნი, თავისუფლება.

        ასე რომ, გელით! მოდით, თავისუფლად ვიფრინოთ ფანტაზიის ფრთებით   ლიტერატურის უსაზღვრო სივრცეში!

        იტალიური ამოუწურავი საგანძურია, უხვად რომ ეძლევა ყველას, ვინც მას შეიყვარებს.

        გაეცანი!-გაგაოცებს.

        მიენდე!-არ გაგაწბილებს.

        გაყევი!-მიგიყვანს.

        ეწვიეთ კლუბის ვებ-გვერდს