ფსიქოლოგები გვირჩევენ
თვითრეგულაცია, მოლოდინები და გამოწვევა
- 15.01.2026 15:58
- შეგინიშნავთ, თუ რამდენად ჩართულები არიან ბავშვები კრეატიულ, მათთვის საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა, მაგალითად ცეკვა, ხატვა, კოსნტრუქციების აგება, მაგრამ გონება ეფანტებათ და ღელავენ მეტად სტრუქტურირებული დავალებების შესრულებისას? ეს იმის გამო ხდება, რომ დაგეგმვა და ემოციური კონტროლი - უნარები, რომლებიც თვითრეგულაციასა და აღმასრულებელ ფუნქციასთანაა დაკავშირებული - არათანაბრად და თანდათანობით ვითარდება.
შეგინიშნავთ, თუ რამდენად ჩართულები არიან ბავშვები კრეატიულ, მათთვის საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა, მაგალითად ცეკვა, ხატვა, კოსნტრუქციების აგება, მაგრამ გონება ეფანტებათ და ღელავენ მეტად სტრუქტურირებული დავალებების შესრულებისას? ეს იმის გამო ხდება, რომ დაგეგმვა და ემოციური კონტროლი - უნარები, რომლებიც თვითრეგულაციასა და აღმასრულებელ ფუნქციასთანაა დაკავშირებული - არათანაბრად და თანდათანობით ვითარდება.
ზოგიერთი აქტივობა, მრავალი ფაქტორის, მათ შორის მოტივაციისა და ამ აქტივობის დაძლევადობასთან დაკავშირებით ბავშვის რწმენის გამო უფრო იოლი შესასრულებელია, სხვები კი მეტ მოთმიანებასა და ყურადღებას მოითხოვენ და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ თვითრეგულაციის უნარს სერიოზულ გამოცდას უწყობენ.
ამ დროს ბავშვები შესაძლოა იმპულსურები, რეაქტიულები, არაორგანიზებულები, დაბნეულები, ჯიუტები, ოპოზიციურები გამოჩნდენ. ის რაც პირველადი დაკვირვებით უმოტივაციობით ან აღზრდის პრობლემით აიხსნება ხოლმე, სინამდვილეში, ხშირად სწორედ თვითრეგულაციის სირთულითაა განპირობებული.
თუმცა, როცა სირთულეზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ რომ აღმასრულებელი ფუნქციები განვითარების შესაძლებლობებია, რომლებიც თანდათანობით იხვეწება და დამოკიდებულია კოგნიტურ მზაობაზე, ბავშვის ურთიერთობებზე და გამოცდილებებზე.
მოკლედ რომ განვმარტოთ თვითრეგულაცია ბავშვის უნარია მართოს საკუთარი ემოციები, იმპულსები, გაუმკლავდეს იმედგაცრუებებს და ადაპტირდეს ცვალებად გარემოში. ის დაბადებიდან, წლების განმავლობაში ყალიბდება და გვიან მოზარდობაში აღწევს გარკვეულ სიმწიფეს.
5-6 წლის ასაკში ემოციები განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქმება. ფრუსტრაცია სწრაფად შეიძლება გადაიქცეს ტირილის, მრისხანების, თვითიზოლაციის მიზეზად. ამ პერიოდში ბავშვს დიდი დრო სჭირდება დამშვიდებისთვის, ინსტრუქციები ხშირ გამეორებას საჭიროებენ, აქტივობიდან-აქტივობაზე ნებელობით გადართვა რთულია. 7 წლიდან მოსწავლეებში იზრდება ლოდინის, მითითებების აღქმის, დაგეგმვის უნარები, თუმცა დისტრესისას განვითარება იოლად რეგრესირებს. 10-12 წლიდან მოზარდებს უყალიბდებათ საკუთარი ემოციებისა და ქცევის აღქმის გაუმჯობესებული საშუალება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მძაფრი განცდები კვლავაც არაორგანიზებულობას იწვეევს.
აღწერილი პატერნი, ცხადია, არ წარმოადგენს შეფერხებას, არამედ განვითარების თავისებურებაა.
სკოლის გარემო, რომელიც ბავშვს ახალ მოთხოვნებს უყენებს, თავისთავად წარმოადგენს ფრუსტრაციის მნიშვნელოვან წყაროს. ზოგიერთი პირველკლასელისთვის საკლასო საზღვრების დაცვა განსაკუთრებით რთულია. ამრიგად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არცთუ იშვიათია, როდესაც პატარა, რომელიც ნაკლებ სტურქტურიებული, სახალისო აქტივობების შესრულებისას მშვიდი, კრეატიული და თანამშრომლობითია, სკოლაში გაღიზიანებული, მოუსვენარი და ჯიუტია. ეს არ უნდა მივიჩნიოთ მანიპულაციად ან განვითარების რაიმე ტიპის დარღვევად, არამედ, გავიაზროთ, რამდენადაა დამოკიდებული თვითრეგულაცია კონტექსტზე.
კრეატიული და ფიზიკური სამუშაო ბუნებრივად ქმნიან სივრცეს მოძრაობისთვის, ემოციური გამოხატვისთვის, ისინი ბავშვს საშუალებას აძლევენ იმპულსები პერიოდულად გამოთავისუფლონ და ამ გზით დამშვიდნენ. საკლასო გარემო კი, რომელშიც კრეატიულ და ფიზიკურ აქტივობებთან ერთად მეტი სტრუქტურირებული სამუშაო და წესრიგია, დიდ დატვირთვას ახდენს ყურადღებაზე, შეკავების უნარსა და მუშა მეხსიერებაზე. როცა კოგნიტური აპარატი სრულად ჯერ კიდევ არაა განვითარებული, ეს დატვირთვა ზოგჯერ სწორედ გაღიზიანებაში, წინააღმდეგობაში, არამეგობრულობასა და ემოციურ არასტაბილურობაში ვლინდება.
ამ გზაზე მოსწავლეები უწყვეტ მხარდაჭერას საჭიროებენ. უფროსებთან ურთიერთობა პატარებს ეხმარებათ გაერკვნენ რა ხდება მათ თავს, რაც თვითრეგულაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პატარები საკუთარი თავის გაგებას უფროსების გავლით ახერხებენ, როცა უფროსი უსმენს და ესმის მისი; შექმნილ ემოციურ მდგომარეობაზე ესაუბრება - განცდები სიტყვებად იქცევა და შინაგანი ქაოსის განცდა იკლებს. ასევე, დიდ როლს თამაშობს რუტინების ჩამოყალიბება, მოლოდინების სწორად განსაზღვრა, შესაძლო სირთულეებზე მოთმინებით დაფიქრება, აქტივობების მცირე საფეხურებად დაყოფა. ილუსტრაციისთვის შეგვიძლია ორი, ხელჩაკიდებული ტვინი წარმოვიდგინოთ, დიდი და პატარა ტვინები გამოწვევების წინაშე დგანან - მეურვებიისა და მასწავლებლების დიდი მაორგანიზებელი გონება, მოსწავლის მზარდ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ გონებას უნდა დაეხმაროს. არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები თვითრეგულაციას იმაზე დაკვირვებით სწავლობენ, თუ როგორ უმკლავდებიან დიდები იმედგაცრუებებსა და პრობლემებს.
ამას გარდა, ბავშვები ოჯახურ გარემოში დიდ სარგებლს იღებენ სახალისო, მიზანმიმართული აქტივობებით, რომლებიც მათი თვითრეგულაციის გაუმჯობესებისკენაა მიმართულები. მაგალითად, სამაგიდო თამაშები, რიგის დაცვასა და ფიქრს მოითხოვენ, უფროსებთან ერთად საყვარელი საკვების მომზადება ინსტრუქციების მიყოლით, რომელიც ბავშვს მოსმენასა და მოთმინებას ასწავლის და სხვა. ამგვარი საქმიანობების განხორციელებისას, მიზანს დავალების იდეალურად შესრულება არ წარმოადგენს, მეურვე ყურადღებით აკვირდება ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, ამჩნევს მის გადაღლას ან იმედგაცრუებას, საუბრობს, განმარტავს, ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებსა და უნარებს, ამგვარი გამოცდილებების დახმარებით ბავშვი იზრდება და ეჩვევა, რომ წესრიგი, თვითრეგულაცია, თავსმოხვეულ მოთხოვნას კი არა, არსმედ ურთიერთობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, თვითრეგულაციის სირთულეები უწყვეტი მხარდაჭერის პირობებშიც მოსალოდნელზე დიდხანს ნარჩუნდება. ბავშვი შესაძლოა გახდეს იოლად მოწყვლადი, დათრგუნული, გამოავლინოს ინტენსიური, მწვავე ემოციური რეაქციები, რომლებიც სწავლასა და თანატოლებთან ურთიერთობებში უშლის ხელს. ასეთ დროს, სკოლის ფსიქოლოგსა და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სკოლის ფსიქოლოგის დახმარებით ბავშვის სირთულეების სწორი აღქმა ხდება და ის გაგებულია, როგორც განვითარების ნაწილი და არა უყოფაქცევობა, სიზარმაცე ან სხვა - ამრიგად ბავშვები თავს არა განსჯილად, არამედ გაგებულად და მხარდაჭერილად გრძნობენ. უნდა გვახსოვდეს, რომ კონსულტაციები სკოლის შიგნით, თუ თერაპიული დახმარება სკოლის გარეთ, არ მიუთითებს პათოლოგიის არსებობაზე, არამედ წარმოადგენს პასუხს ბავშვის განვითარების საჭიროებებზე. ადრეული მხარდაჭერა ბავშვს თვითშეფასების გაუარესებისა და სხვა შესაძლო გართულებებისგან იცავს. ასევე, თანამშრომლობა ქმნის საფუძველს, რომ ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების მცდელობები გაერთიანდეს და შეიქმნას ერთიანი, სიყვარულით სავსე, მხარდამჭერი გარემო.
თვითრეგულაცია არ არის ის, რაც ბავშვს აქვს ან აკლია. ის ცოცხალი უნარია, რომელიც დროის, გამოცდილებების, ურთიერთობების დახმარებით ვითარდება. ბავშვის გამოწვევები მარცხად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ დახმარების თხოვნებად, ნიშნებად, საჭიროებებად, რომლებიც უფროსებმა, მოთმინებითა და კეთილგონიერებით უნდა დააკმაყოფილონ.
აქვე, გიზიარებთ რამდენიმე აქტივობის ნიმუშს:
- ამოიცანი ემოცია - ემოციის ამოცნობა შეიძლება ერთად:
- ანიმაციების ყურებისას, გმირებზე დაკვრივებით (აქ ვინ, როგორ გრძნობს თავს?);
- მათ მიერ მოთხრობილ ამბებში (მგონი, ძალიან დაგწყვიტა გული, რომ კლასელები არ დაგელოდნენ, სანამ შენ ზონრებს იკრავდი);
- ლიტერატურაში (რატომ აქვს პადინგტონს სევდიანი სახე?).
- გაიყინე - ამ თამაშს წინასწარი შეთანხმება სჭირდება, მშობელი შეთანხმებით იძენს უფლებას სახალისო მომენტებში ბავშვს უთხრას ჯადოსნური სიტყვა “გაიყინე“ (მაგალითად, მაშინ როცა ჭიქიდან წვენის მოსმას აპირებს). ბავშვი წყვეტს მოქმედებას, მშობელი და ბავშვი ერთად ითვლიან ათამდე, შემდეგ ყველაფერი ჩვეულად გრძელდება.
- ზარმაცას თამაში - თამაშის აზრი არის მოქმედების ისე შენელება, რომ ბავშვი ზარმაცას დაემსგავსოს. როცა ბავშვი ძალიან აქტიურია, მშობელი ეუბნება, წარმოიდგინე რომ ზარმაცა ხარ, ხის ტოტზე კიდიხარ, იმოძრავე ძააააალიან ნელა, ისე როგორც ზარმაცები მოძრაობენ. (ან პირიქით, თუ ბავშვის გააქტიურება გვინდა. მაგ: თუ ბავშვი სკოლაში აგვიანებს, ნელა იცვამს და ა.შ. მშობელი ეუბნება, წარმოიდგინე რომ სწრაფი ცხოველი ხარ - მე მგონი, თუ წარმოიდგენ, რომ ნამდვილი პანტერა ხარ, უფრო სწრაფად ჩაიცვამ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ზარმაცა არ გვჭირდება! )
- განცდების თერმომეტრი - ამ აქტივობას კლასიკური თერმომეტრის სურათის ამობეჭდვა სჭირდება. ბავშვს საშუალება აქვს სურათზე აჩვენოს, რამდენად გაბრაზებული, გახარებული და აღფრთოვანებულია.
- ძილისპირული საუბარი - მშობელი ბავშვს საკუთარ დღეზე და განცდებზე უყვება, იმავეს აკეთებს ბავშვი. მშობელი ყურადღებით ისმენს და სვამს დამაფიქრებელ კითხვებს - ნეტავს რატომ იგრძენი თავი ასე? რა გაგიჭირდა? რა დაგეხმარა? და სხვა.
- უკან დაბრუნება
ახლახან შექმნილი სტატიები