• მზადება სკოლისთვის - რეკომენდაციები პირველკლასელთა მშობლებს
      • მზადება სკოლისთვის - რეკომენდაციები პირველკლასელთა მშობლებს

      • 05.06.2023 09:54
      • ინდივიდის ჩამოყალიბებას საფუძველი ცხოვრების ადრეულ წლებში ეყრება. ამ პერიოდს კი ბავშვი ძირითადად ორ - ოჯახურ და სასკოლო გარემოში ატარებს. სკოლა არის სივრცე, რომელიც დიდწილადაა ჩართული როგორც, მოსწავლის აკადემიური უნარებისა და ცოდნის, ასევე პიროვნულ განვითარებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და სკოლა მჭიდროდ თანამშრომლებდნენ ერთმანეთთან.  რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შექმნან ნაყოფიერი გარემო, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, განათლებული, დამოუკიდებელი, გონიერი, და სხვა სიკეთეებით დაჯილდოებული ადამიანის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
      • მზადება სკოლისთვის - რეკომენდაციები პირველკლასელთა მშობლებს 

        ინდივიდის ჩამოყალიბებას საფუძველი ცხოვრების ადრეულ წლებში ეყრება. ამ პერიოდს კი ბავშვი ძირითადად ორ - ოჯახურ და სასკოლო გარემოში ატარებს. სკოლა არის სივრცე, რომელიც დიდწილადაა ჩართული როგორც, მოსწავლის აკადემიური უნარებისა და ცოდნის, ასევე პიროვნულ განვითარებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და სკოლა მჭიდროდ თანამშრომლებდნენ ერთმანეთთან.  რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შექმნან ნაყოფიერი გარემო, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, განათლებული, დამოუკიდებელი, გონიერი, და სხვა სიკეთეებით დაჯილდოებული ადამიანის ფორმირებას შეუწყობს ხელს.  


        ეს თანამშრომლობა მოსწავლის სკოლაში მიყვანისთანავე იწყება. საბავშვო ბაღიდან პირველ კლასში გადასვლა მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი პატარასთვის.    მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ეს მძაფრი ემოციებით დატვირთული პერიოდი მისთვის ნაკლებ სტრესული, მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდეს. 


        რისთვის მოვემზადოთ:

        სწორი მოლოდინების შექმნა: 

        იმის მიუხედავად, რომ, პირველკლასელთა უმრავლესობას ბავშვთა ბაღში სიარულის გამოცდილება აქვს სკოლა სიახლეებითაა სავსე. საკლასო გარემო, ბაღის გარემოსგან განსხვავებით გაცილებით უფრო სტრუქტურირებულია.  აქ ჩნდება კომპლექსური აკადემიური ამოცანები. სწავლების პროცესი მართალია ხშირად თამაშით მიმდინარეობს, თუმცა უწინდელზე ინტენსიურია, სასკოლო დღე უფრო გრძელი, არსებობს შეთანხმებები/წესები, რომელსაც ყველა მოსწავლე ემორჩილება, იცვლებიან ადამიანები, რომლებთანაც პატარები ურთიერთობენ, იცვლება  შენობა, ტრანსპორტი, კვების, ძილ-ღვიძილის რეჟიმი, და ბევრი სხვა ისეთი რამ, რასაც ზრდასრულები ერთი შეხედვით ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ბავშვებისთვის ეს სიახლეები აღმაფრთოვანებელია, მაგრამ რუტინის ამგვარი ცვლილება შესაძლოა საწყის ეტაპზე საკმაოდ დამღლელი და შფოთვის  მომგვრელიც აღმოჩნდეს  . იმისთვის, რომ ბავშვმა სკოლაში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს მას სწორი მოლოდინები უნდა შევქუმნათ. ამას, ბავშვები სკოლის შესახებ წინასწარ უამრავი კითხვის დასმით თავადვე ითხოვენ.  მნიშვნელოვანია, რომ  მშობლებმა შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცენ, თუ ეს შესაძლებელია - დაათვალიერებინონ მომავალი სკოლა, გააცნონ ადამიანები, რომელთანაც სასკოლო სივრცეში ურთიერთობა ექნებათ, დაასწრონ ღია კარის დღეს, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები და შეუქმნან რეალისტური მოლოდინები.  


        წინასასკოლო შფოთვა: 


        როგორც წესი, ბავშვები სიხარულით ელოდებიან სკოლაში შესვლას, თუმცა, არც თუ იშვიათად ამ მოლოდინს ახლავს შფოთვაც ახალ გარმეოსთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, ამ შფოთვის დაძლევის კარგი საშუალებაა სკოლაზე საუბარი, მშობლის მიერ საკუთარი გამოცდილებების გაზიარება, ღია კარის დღეზე დასწრება და მომავალი კლასელებისა თუ მასწავლებლების გაცნობა. ამას გარდა,  ბავშვი გაცილებით უფრო მშვიდად იგრძობს თავს, თუ თავად იქნება ჩართული სამზადისში - ერთად მოაწყობთ სახლში სამეცადინო სივრცეს, ერთად შეარჩევთ ტანსაცმელის (ფორმის შემთხვევაში შეარჩევთ სასურველ ვარიანტს), შეიძენთ სასკოლო ნივთებს - ჩანთას, რვეულებს, ფანქრებს, კალმებსა თუ სხვა საკანცელარიო ნივთებს. 


        მიჯაჭვულობის საკითხი: 


        წინასასკოლო შფოთვა, რომლის დაძლევაც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ხშირი მიზეზია იმისა, რომ  სკოლაში შესვლისას ზოგჯერ თავს ხელახლა იჩენს ბაღში უკვე დაძლეული სირთულე - ბავშვი უარს ამბობს სივრცეში დარჩენაზე, გამუდმებით ტირის, იტკიებს სხეულის სხვადასხვა ნაწილს,  ანხორციელებს რაიმე არასასურველ ქცევას,  და ამ გზით ავლენს მიჯაჭვულობას მშობელზე. მსგავს შემთხვევებში მშობელმა უნდა გამოიჩინოს მხარდამჭერი დამოკიდებულება, არ გააუფასუროს ბავშვის გრძნობები და იზრუნოს შფოთვის გამომწვევი მიზეზების გამორკვევასა და გაქრობაზე.  სასურველია, მსგავს შემთხვევაში ჩართული იყოს სკოლის ფსიქოლოგი და ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნეს მისი რეკომენდაციები.  


        სასკოლო მზაობა:

        მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს გამომუშავებული ჰქონდეს წინასასკოლო უნარები, რომლებიც მას ახალ გარემოში ადაპტაციაში დაეხმარება. ამ უნარებში მოიაზრება, როგორც კოგნიტური და წინა-აკადემიური,  ასევე სოციალურ- ემოციურ, თვითრეფლექსიისა და თვითრეგულაციის უნარები. 


        როგორც წესი, ამ უნარების გამომუშავებაში ბავშვს ბაღი/წინანსკოლო მოსამზადებელი პროგრამა ეხმარება. წინა გამოცდილებები პატარას უქმნის მზაობას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხოს მასწავლებლის სიტყვიერი მითითების გაგება და მიყოლა, საკუთარი ქცევის მართვა, ემოციების ამოცნობა და სახელდება, თანატოლებთან ერთად აქტივობებში ჩართვა, ყურადღების კონცენტრაცია და მიზნის შესაბამისად გადანაცვლება, მარტივი ისტორიების გაგება და თხრობა, საკუთარი მოთხოვნილებების, აზრების სიტყვების საშუალებით გადმოცემა თუ თანატოლებთან და უფროსებთან მეგობრული კომუნიკაცია. მშობლები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ საკუთარი შვილის განვითარებას და პირველი სასკოლო სემესტრის დაწყებამდე, საჭიროების შემთხვევაში ბავშვი დამატებით ატარონ წინასკოლო პროგრამაზე, ემოციური სირთულეების არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალურად ფსიქოლოგთან თუ სხვადასხვა წრეზე. 

        როგორ მოვიქცეთ, თუ წინასასკოლო მზაობის არსებობის მიუხედავად ბავშვს სკოლაში ადაპტაცია უჭირს?


        იმის მიუხედავად, რომ წინასასკოლო პროგრამები სკოლისთვის მომზადების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის ბავშვს ახალ გარემოში მოხვედრისას შეიძლება მაინც გაუჩნდეს განცდა, რომ რაღაც არ გამოუვა, ვერ დაწერს,  ვერ წაიკითხავს, ვერ შეიძენს მეგობრებს,  რაც შფოთვის გამომწვევ და დემოტივაციის მიზეზად იქცევა. მსგავსი სირთულეების წარმოქმნა ნორმალურია. ხშირად ბავშვები პრობლემის სირთულის შეფასებას უფროსების რეაქციაზე დაკვირვებით ახდენენ, შესაბამისად მშობლები გამოწვევას განსაკუთრებული მღელვარების გარეშე უნდა შეხვდნენ, მოუსმინონ შვილს, აღნიშნონ და დააჯილდოონ მისი წარმატებები, იყვნენ ყურადღებიანები, საკუთარი დღის შესახებ თხრობით წაახალისონ ბავშვის მსგავსი ქცევა - დაინტერესდნენ მისი სასკოლო დღით, მისცენ სივრცე ემოციების გამოხატვისთვის, შემდეგ კი სკოლასთან ერთად იზრუნონ არსებული სირთულეების გადალახვაზე. 


        ამ და როგორც ყველა სხვა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისა და მშობლების ინტენსიური კომუნიკაცია. ზოგჯერ ბავშვები, სკოლასა და სახლში ერთმანეთისგან განსხვავებულ ემოციებსა და ქცევას ავლენენ, ამიტომ აუცილებელია, რომ ინფორმაციას ორივე მხარე ერთმანეთს დეტალურად უზიარებდეს და მუშაობდეს, შეთანხმებული სტრატეგიით. პედაგოგების, ფსიქოლოგის, მშობლები თანამშრომლობა ყოველთვის დადებითად აისახება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პროდუქტიულ წარმართვაზე. სკოლა და ოჯახი ბავშვს ერთობლივად უნდა დაეხმაროს თავი იგრძნოს მშვიდად, უსაფრთხოდოდ და მიღებულად.  


        ჩვენი რეკომენდაციები: 

         

        • წინასწარ ესაუბრეთ ბავშვს სკოლისა და საკოლო სივრცის შესახებ, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და შეუქმენით მას რეალისტური მოლოდინები.
        • ეწვიეთ სკოლას თქვენს პატარასთან ერთად, დაათვალიერეთ ის სივრცე, სადაც მას დღის გატარება მოუწევს.
        • პირველი სემესტრის დაწყებამდე ყურადღებით დააკვირდით თქვენი შვილის განვითარებას და წინასასკოლო მზაობას. საჭიროების შემთხვევაში ატარეთ ბავშვი წინასასკოლო პროგრამაზე, ფსიქოლოგთან თუ სხვა აქტივობაზე. 
        • ჩართეთ ბავშვი წინასასკოლო სამზადისში
        • ერთად მოაწყეთ სახლში სივრცე, სადაც იმეცადინებს და სასკოლო ნივთებს შეინახავს.
        • ბავშვს შესაძლებლობა მიეცით ტანსაცმელის არჩევაში მონაწილეობა თავად მიიღოს, თუ სკოლას  უნიფორმა აქვს, შეთავაზებული  ვარიანტებიდან თავად აირჩიოს მისთვის სასურველი.
        • სასკოლო ნივთები: ჩანთა, რვეულები, ფანქრები, კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები შეიძინეთ ბავშვთან ერთად.
        • სხვადასხვა სირთულის გამოვლენისას, იყავით ემპათიური,  თუ ბავშვი შფოთავს ესაუბრეთ მის გრძნობებზე, მიეცით სივრცე ემოციების გამოხატვისთვის, იყავით მშვიდი,  ერთად განიხილეთ როგორ დაძლიოთ არსებული გამოწვევები. 
        • გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ, იქონიეთ მუდმივი კომუნიკაცია სკოლის პერსონალთან, ადმინისტრაციასთან და სხვა წარმომადგენლებთან, იმოქმედეთ შეთანხმებული სტრატეგიებით. 
        • კითხვების არსეობისას გაიარეთ კონსულტაცია სკოლის ფსიქოლოგთან.

         

         

         

         

      • უკან დაბრუნება