- როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი?
ჩემი პროფესია განსაკუთრებული გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა, ის თავისით მოვიდა. გერმანული სკოლის დამთავრების შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, რომელიც პედაგოგიურიც იყო.
- გაიხსენეთ პირველი გაკვეთილი...
რა დამავიწყებს პირველ გაკვეთილს?! ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურის ნაცვლად სოფლის სკოლაში მოვინდომე გერმანული ენის მასწავლებლობა და განაწილებით კარდენახში აღმოვჩნდი. 22 წლისა მოკლე კაბით, ზღვის რუჯით და გრძელი, გაშლილი თმებით მასწავლებელს ნამდვილად არ ვგავდი. პირველი გაკვეთილი მეათე კლასში მქონდა და ბიჭებმა მრავალჟამიერით სცადეს ,,არევა", მაგრამ ჩემი აღტაცებული სახე რომ დაინახეს, მაშინვე შეწყვიტეს სიმღერა, მე კი, განაგრძეთ გთხოვთ-მეთქი. იმ დღის მერე არევა არც უცდიათ.
- რომელია მასწავლებლის 3 აუცილებელი მახასიათებელი?
თვალი, რომელიც ხედავს. გული, რომელსაც უყვარს და თბილი ხელი, ბავშვს რომ უწვდის გასამხნევებლად. ეს, პოეტურად, ისე - შემოქმედებითობა, ფანტაზია და შინაგანი თავისუფლება.
- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის იტალიური ენას?
ძალიან სათუთ სიმს შეეხეთ ამ კითხვით... იტალიური ენის წყალობით უმშვენიერეს სამყაროში აღმოვჩნდი და ეს უმძიმესი ჩაკეტილობის წლებიც იტალიური ენის მადლმა გადამატანინა. ამიტომ მუდამ მადლიერი ვიქნები ჩემი ბედისწერის და ჩემი დიდი მაესტრო ვანო ცაგარეიშვილის, რომელმაც წინ გადამიშალა იტალიური სამყაროს მშვენიერების მთელი პანორამა.
- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომელთაც უცხო ენის შესწავლა სურთ?
ვურჩევდი ენა ისწავლონ სულისთვის და არა სერტიფიკატისთვის. ერთი ანკარა წყაროა, მეორე კი - ტექნიკური წყალი. ენას ისწავლი მაშინ, როდესაც მას შეიყვარებ, იგრძნობ და მართლაც, იმ ერის ნაწილად იქცევი. დაიწყეთ იმ ენაზე ნათქვამი მნიშვნელოვანი ფრაზებით, ნუ შეუშინდებით ენის არცოდნას, ენა მისტიკაა და მას ჩარჩოებში ვერ მოაქცევ. დაიწყეთ ლიტერატურით, სიმღერებით, ფილმებით და არა ზმნის უღლებით. ისმინეთ, მაშინაც კი, როცა არ გესმით და მერწმუნეთ, ამგვარად უდიდეს საგანძურს შეიძენთ ახალი ენის სახით.
- ახლა რომ შეგეძლოთ, რომელ პროფესიას აირჩევდით?
ჩემ პროფესიაზე მშვენიერი პროფესია აბა რომელია? ისე, ბოლო წლებია, მთარგმნელობასაც შევბედე.
ფოტოზეც დამთანხმდა, საკუთარი წიგნის ხელში დაჭერა ვთხოვე, არ მითქვამს, რომ ჩემკენ გამოეხედა და გადავიღე.