დღეიდან, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში მოქმედ ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci –თან იხსნება რუბრიკა ,,კრიზისი, როგორც შესაძლებლობა...“
პანდემიის გამო სასკოლო საზოგადოებამ გამოხატა თანაგრძნობა, სადაც იტალიაზე ეწერა: ,,ქვეყანა სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა ღვთისა და ადამიანის შემოქმედება, სადაც უსაზღვრო მშვენიერების მხილველის სული შვებას გრძნობს... ,,სილამაზე მართლაც იხსნის სამყაროს"... იტალიელებისთვის La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა... „
და აი, ამ კრიზისის დროს იტალიაში ბევრი მშვენიერი ლექსი და სიმღერა შეიქმნა.
ჩვენი მაესტრა რუ (იტალიური ენის პედაგოგი, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი რუსუდან ყოინაშვილი) გვთავაზობს, იტალიელი პოეტის სიმონე კრისტიკის ამ დღეებში შექმნილი ლექსის თარგმანს. დოსტოევსკის ნათქვამი ,,სილამაზე იხსნის სამყაროს", სიმონე კრისტიკმა დაასრულა: ,,მაგრამ სილამაზე ჩვენ უნდა გადავარჩინოთ" .სიმონე კრისტიკი პოეტი და მომღერალია. მაესტრა რუს მეგობრებმა იტალიიდან გადმოუგზავნეს ვიდეო რგოლი:
იხილეთ ვიდეო
რუბრიკა გაგრძელდება, პერიოდულად ჩვენი მოსწავლეები და პედაგოგები შემოგვთავაზებენ, კრიზისულ პერიოდში, იტალიელების მიერ შექმნილ სიმღერებსა და ლექსების თარგმანს.
2020 წლის მაისი.
რუსუდან ყოინაშვილის თარგმანი:
,,შეგონებები ოთხკედელში გამოკეტილს
დღეს გამომწყვდეული ხარ ოთხკედელში,
და ამ ცხოვრებას ღრიჭოდან უჭვრეტ,
ხარ დათრგუნული, მხარნაქცევი და უგუნებო,
და შენ ანარეკლს სარკეში უცქერ.
მიიღე ციურ წყალობად ეს დრო,
გახსენი ფრჩხილი,შეიცან თავი,
და თაროებზე მიძინებულ
იმ წიგნებს შორის,
ამოარჩიე ორიოდე,მაგრამ
მთავარი.
დანარჩენი კი დიდ ყუთს
მიანდე,
აჩუქე სკოლებს შეძლებისგვარად.
შეიქმენ სივრცე,
ნუ მოეშვები...
სულ ცოტა კმარა,
უკეთ რომ გახდე.
წერე წერილი,
წერე ლექსები,
და ამ მოწყენას ფანტაზიით მოუღებ ბოლოს,
აი ფურცელი, აი ფერები,
დახატე რამე,
თუგინდ იყავი მიკელანჯელო,ანდა მღებავი.
მთავარი მხოლოდ ერთია
ამ დროს,
შენ თავში ბავშვი აღმოაჩინო...
გაითბე გული მათი ჩამოთვლით, ვინც მართლა გიყვარს,ვისაც
უყვარხარ.
და გაიხსენე ბედისწერა
მათთან შეხვედრის,
იგრძენი მათი სიახლოვე
და დამშვიდდები.
მოწყენილობა გონს რომ
დაბინდავს,იპოვე ხერხი
თავისდაღწევის.
და როგორც ბავშვმა, ანდა
პოეტმა ცნობისმოყვარემ, ან ასტრონავტმა
აღმომჩენმა ახალ პლანეტის,
იპოვე არსი,ეფემერულს
ანებე თავი...
და ჩაკეტილიც ამ ოთხკედელში,
შეძლებ რომ იყო
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი!!!
ეწვიეთ კლუბის ვებ-გვერდს