ბოლო ზარი იტალიურ სკოლაში
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს
სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ლამაზ მომავალს.
ბოლო ზარი იტალიურ სკოლაში
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს
სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ლამაზ მომავალს.
თანამედროვე ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში შემოქმედებითი ამოცანების გადაჭრისთვის და სასწავლო გარემოს მრავალფეროვნებისთვის.
„ჩვენი საქართველოს“ საგანში (პედაგოგი მ. ფირჩხაძე), VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეო-პროდუქტები შექმნეს Vidnoz AI - ის დახმარებით თემაზე „თბილისის რეგიონი“:
ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულებზე:
https://share.vidnoz.com/aivideo?id=3613811
https://share.vidnoz.com/aivideo?id=3676514
https://share.vidnoz.com/aivideo?id=3704389
https://share.vidnoz.com/aivideo?id=3690496
25 აპრილს სკოლის ლიდერთა კლუბის ინიციატივითა და ინტელექტ კლუბის ხელმძღვანელის, ვლას ვაწაძის მხარდაჭერით ჩატარდა შიდა სასკოლო ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად?როდის?” სამ ასაკობრივ კატეგორიაში.
(III-V კლასი, VI-VIII კლასი, IX-X კლასის მოსწავლეებს შორის).
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები.
პირველ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა V1 კლასმა (დამრიგებელი: დალი ქოქოშვილი), მეორე ადგილი მოიპოვა VIII კლასმა (დამრიგებელი: ცისია სუხიაშვილი), მესამე ადგილი კი დაიკავა IX1 კლასმა (დამრიგებელი: ნანა გაბისონია).
თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეთა მაღალი ინტერესი გამოიწვია.
წარმატებებს ვუსურვებთ როგორც გამარჯვებულ მოსწავლეებს, ასევე ყველა მონაწილეს.
იტალიურ სკოლას სტუმრობდნენ ,, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების" კლუბის წევრები, რომლებიც შეხვდნენ უფროსკლასელებს პროექტის: ,,ახალგაზრდების ნაბიჯები საქართველოს ევროპული თავგადასავლისკენ" ფარგლებში.
ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა შეხვედრები, როგორც ევროკავშირის ისტორიის, ასევე საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ.
პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა აქტივობებს და მოსწავლეებისთვის საინტერესოდ წარიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი • Young Diplomats' Club of Georgi
24 აპრილს იტალიური სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა ,,როდარიანელი"-ის სახელდება, რაც ფანტაზიის დღესასწაულად იქცა.
იტალიელი საბავშვო მწერალი და პედაგოგი ჯანი როდარი ფანტაზიის დიდი მაესტროა, ამიტომაც ,,ფანტაზიას ვინც ფრთას ასხამს, ის როდარიანელია!!!"
გაზაფხული განახლების ჟამია,იბადება ახალი იდეები და ფანტაზიები. სწორედ წელს,გაზაფხულის პირველ დღეს, იტალიური სკოლა ნამდვილ ,,ფანტაზიის სამყაროდ" იქცა.
სკოლის დარბაზში საოცარი საგაზაფხულო საღამო მოეწყო. ამ საღამოს შემოქმედნი კი ჭეშმარიტად იმსახურებენ ,,როდარიანელი"-ს სახელს: ქ.მაია ლაგვილავა,ქ.ეთო ხუციშვილი,ქ.ლალი ყანდარელი.
,,როდარიანელები" გახდნენ მოსწავლეებიც: ვასკა გველესიანი,ფილოსოფიური ლიტერატურული ჩანახატებისა და ფილისოფიური ზღაპრისთვის ,,იქ მაღლა ცაში". ალექსანდრე გორდეზიანი, საღამოს რეჟისურისთვის, რომელიც ბავშვობიდან ანსახიერებს როდარის პერსონაჟებს და ამჯერად დაიწყო მუშაობა სპეკტაკლზე ,,ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში." ასევე, ყოფილი მოსწავლე საბა გლოველი, უსაზღვრო ფანტაზიით და პოეტური თვალით შექმნილი ფოტოებისთვის.
მომავალში ,,როდარიანელი" შეიძლება გახდეს ნებისმიერი პიროვნება, თუკი საკუთარი ფანტაზიით სიხარულს მიანიჭებს სხვებს
იტალიურ სკოლაში 13-17 მაისს ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა.
სკოლის ფსიქოლოგთა გუნდის ინიცირებით, კვირეულის ფარგლებში თემატური შეხვედრები შედგა სამივე საფეხურის მოსწავლეებთან.
სასკოლო სივრცეში განთავსდა ე.წ ,,ბულინგის ყუთი" მოსწავლეებისთვის, ბულინგთან დაკავშირებული ანონიმური ისტორიების გასაზიარებლად.
მე და საზოგადოებისა და ხელოვნების პედაგოგების დახმარებით, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც სკოლაში გამოიფინა.
ბულინგის საწინააღმდეგო კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესოდ განიხილეს ბავშვებთან ჩაგვრის მიზეზები, ფორმები და შედეგები, ისაუბრეს ტოლერანტობისა და ემპათიის მნიშვნელობაზე, ასევე, იმსჯელეს ჩაგვრის დაძლევის გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.
კვირეულის მსვლელობისას, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში შედგა პედაგოგების (ლალი ყანდარელს, გიორგი სილაგავას, ქეთი მუმლაძის, ასმათ გაფრინდაშვილსა და მაია ალავიძის) შეხვედრა მოსწავლეებთან ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს თავიანთი ბავშვობის წიგნები, სადაც მთავარი მესიჯი იყო სიჯანსაღე ურთიერთობებში, სიკეთისა და სიყვარულის აუცილებლობა, მეტი ემპათიის საჭიროება.
პატარა მსმენელებში დიდი ინტერესი დაიმსახურა მათ მიერ მოყოლილმა ისტორიებმა.
22 აპრილი დედამიწის დღეა!
გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ სხვადასხვა კლასში ჩაატარა საუბრები, დისკუსიები, პრეზენტაციები თემაზე „მწვანე დედამიწა“.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ელექტრომობილების შექმნის, წარმოებისა და გამოყენების განხილვა. თუ როგორ ამარტივებს განახლებადი ენერგიის მარაგების შექმნა დედამიწაზე ადამიანთა ჯანსაღ ცხოვრებას. (პედაგოგები: ცისია სუხიაშვილი, მაია ცინაძე).
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეები ესტუმრებიან ავტომობილების მუზეუმს ავტოექსპერტებთან შესახვედრად.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ტუშას უნივერსიტეტიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ.
მოსწავლეები გვიზიარებენ თავიანთ ემოციებს და გამოხატავენ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც მისცა საერთაშორისო განათლების მიღების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა.
15 მაისს იტალიაში, ქ. რომში, დანტე ალიგიერის სათავო ოფისში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი სკოლა გახდა ADASIM -ის (მსოფლიოს იტალიური სკოლების დანტე ალიგიერის ასოციაციის) წევრი.
ამ ხელშეკრულების თანახმად, იტალიური სკოლის მოსწავლეებს არაერთი საინტერესო-საერთაშორისო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა მასიმილიანო დ’ანდტუნომ, საქართველოში საერთაშორისო სექტორის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და იტალიის სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები გადასცა.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლას.
იტალიურ-ქართული ორენოვანი დიპლომის დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.
11-12 აპრილს იტალიურ სკოლას სტუმრობდნენ გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერები, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დავით გორგილაძე და ირაკლი ლიპარტელიანი. მათ მომზადებული ჰქონდათ თემები გაჯეტებთან დამოკიდებულებაზე, ბულინგსა და უთანასწორობაზე, ემოციების გამოხატვაზე.
სასაუბრო თემები მიმართული იყო 11-13 წლის ბიჭებისთვის, რათა მათ ასაკობრივ კატეგორიაში ხელი შეუწყონ ძალადობრივი ქცევის პრევენციას და მხარი დაუჭირონ თანასწორობის გაღვივებას, ემოციების სწორ გამოხატვას, ჰარმონიული გარემოს შენარჩუნებას, გაჯეტებზე დამოკიდებულების შემცირებას.
იტალიური სკოლის სახელით მადლობას ვუხდით სტუმრებს მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისთვის.
მოზარდებისთვის საინტერესო და დამაფიქრებელი იყო შეხვედრაზე განხილული საკითხები.
იტალიურ სკოლას
ახალგაზრდა პოეტი, ალექსანდრე მიშელაშვილი სტუმრობდა.
შეხვედრაზე პოეტმა თავისი შემოქმედების გზაზე ისაუბრა, მის მინიმალისტურ პოეზიაზე, რომელშიც ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობა, ფასეულობები, ერთგულება და ღირსების საკითხებია გადმოცემული, შემდეგ კი დიალოგებსაც დაუთმო დრო.
მოსწავლეები მათთვის საყვარელ მინიმებს კითხულობდნენ, შემოქმედებაზე საკუთარ აზრებს გამოთქვამდნენ და მთავარ სათქმელზე მსჯელობდნენ.
ეს დღე შთაბეჭდილებებით სავსე იყო როგორც სტუმრისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს, ალექსანდრე მიშელაშვილს, არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი შეხვედრისთვის.
10 აპრილს იტალიურ სკოლაში სტუმრად გვყავდა ანიმაციების რეჟისორი, სანდრო ქათამაშვილი.
რეჟისორმა მოსწავლეებს გააცნო ანიმაციების შექმნის ისტორია, თუ როგორ შეუძლიათ ნახატების გამოყენებით ანიმაციების აწყობა, თანაც ძალიან მარტივად.
სანდრო ქათამაშვილის საგანმანათლებლო პრეზენტაციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. იმედი გვაქვს, ანიმაციისა და ნახატების შეცნობით სწავლა უფრო სასიამოვნო და სახალისო გახდება მათთვის.
იტალიურ სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლების კვირეული თემაზე „ადიქცია“, რომელსაც გაუძღვა პედაგოგი ნ.სიმონია.
კვირეულის ფარგლებში, X-XI კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეეებთან, გაიმართა დისკუსიაც, რამაც მოსწავლეთა დიდი ჩართულობა გამოიწვია.
მონაწილეებმა ადიქციასთან დაკავშირებით დაამზადეს პოსტერები, V/1 კლასის და VII კლასის მოსწავლეთა ნამუშევრებმა მოიპოვეს "საუკეთესო ნაშრომების" ტიტული.
დასასრულს, გაიმართა დებატები თემაზე: „არსებობს თუ არა ყოფილი დამოკიდებული“. დებატებში მონაწილეობდნენ X და XI კლასის მოსწავლეეები. გაიმარჯვა X კლასმა, საუკეთესო მოდებატედ კი XI კლასის მოსწავლე, ირაკლი ობოლაშვილი დასახელდა
9 აპრილი- დღე სიყვარულის, სიამაყის, ტკივილისა და გამარჯვების.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით იტალიური სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე
გამართა პრეზენტაციები და საუბრები „ ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ (პედაგოგი: მაია ფირჩხაძე ).
ღონისძიებამ ხელი შეუწყო ცნობადობის გაზრდას 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიაში.
იტალიის ქალაქ პალერმოს ვიცე მერი და ცნობილი ურბანისტი, მაურიციო კარტა, 7 ივნისს იტალიურ სკოლას სტუმრობდა.
იტალიური სკოლის დაფუძნება, სწორედ, თბილისთან დაძმობილებულ ქალაქ პალერმოს უკავშირდება. ეს ვიზიტი იტალიურ სკოლასა და ქალაქ პალერმოს შორის ურთიერთობებში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
იგავების საღამო
5 აპრილს იტალიური სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში V1 და V2 კლასის მოსწავლეებმა VII-VIII კლასელ მეგობრებს წაუკითხეს იგავები და ერთობლივად იმსჯელეს მათ არსსა და მნიშვნელობებზე.
მოსწავლეების მსჯელობამ და აქტიურობამ შეხვედრა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო, რომ უფროს-უმცროს თაობებს ერთმანეთთან ესაუბრათ, გაეზიარებინათ საკუთარი ფიქრები, მოსაზრებები.
იგავების საღამოს ესწრებოდა პედაგოგი ხათუნა ჩალაძე.
3 ივნისს, ინგლისური ენის კათედრის ინიცირებით, პროექტის: ,,Home sweet home” ფარგლებში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს საინტერესო და შემოქმედებითი ნაშრომები სკოლის მენეჯმენტის გუნდს და ინგლისური ენის პედაგოგებს.
დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა უჩვენეს საკუთარი ხელით აგებული ,,სახლები” და ინტერიერიც დაათვალიერებინეს. ამასთანავე, ინგლისურ ენაზე აღწერეს ნამუშევრები და მუშაობის პროცესი, თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს სტუმრებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგთა მხარდაჭერით, სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,, ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღი-კაცობრიობის წინააღმდეგ". კონფერენციის გამართვაში ჩართულები იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა მიმოიხილეს ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის ისტორია, მათი ნაირსახეობები და გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები, მოქმედების პრინციპები, წარმოადგინეს არაჩვეულებრივად შესრულებული პრეზენტაციები, უპასუხეს თემის ირგვლივ დასმულ კითხვებს და აქტიურად ჩაებნენ მიმდინარე დისკუსიაში.
30 აპრილს ესთეტიკისა და სპორტის კათედრაზე, ხელოვნების პედაგოგის, ეკა მელქაძის ინიციატივით, I,II, III კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო გამოფენა სახელწოდებით ,,ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული მხატვარი, დავით ბაძაღუა, რომელიც საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა და მოსწავლეთა შეკითხვებსაც საგულისყუროდ უპასუხა.
საინტერესო იყო ასევე სტუმრის მიერ მოსწავლეებისათვის შეთავაზებული დავალება: დაეხატათ, როგორ დაინახავდა მათ თავად ფიროსმანი, რასაც მშვენივრად გაართვეს თავი მოსწავლეებმა.
ეს დღე ნამდვილად ფანტაზიის ზეიმი იყო, შთაბეჭდილებებით სავსე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე იქ მყოფი ყველა ადამიანისთვის.
სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს, დავით ბაძაღუას საინტერესო შეხვედრისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ეკა მელქაძეს არაჩვეულებრივი გამოფენისთვის.
ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 28/02/2020
Powered by aSc EduPage