სიახლეები

          • ალბანო სტუმრად იტალიურ სკოლაში.

          • 📌 მეორე წელია, რაც იტალიურ სკოლაში, ნოემბრის თვეში დიდი დღესასწაული იმართება. უსაყვარლეს იტალიელ მომღერლებთან შეხვედრა - შარშან Ricchi e Poveri, წელს Al Bano -

            ეს ის მომღერლები არიან, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და 60 წელია მათ სიმღერებს ემოცია არ აკლდება.

            22 ნოემბერს ალ ბანო სკოლას ეწვია, მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ მასთან შეხვედრას, ამიტომ პატარა ინსცენირება მოამზადეს ,,მაგიური მუსიკა". იმდენად დიდი სიყვარულით გაკეთეს ყველაფერი, რომ მომღერალმა ასეთი ჩანაწერი დატოვა სამახსოვრო წიგნში: ,,დაუჯერებელი სიურპრიზი თბილისში. შთამბეჭდავი სიყვარული, რომელიც გულში იბადება და შემდეგ სიტყვებად იღვრება მათი პირიდან, ვისაც ასე უყვარს იტალია.

            Al Bano."

            სპექტაკლის მთავარი გმირი კი,გია ყანჩელის მუსიკა იყო...სწორედ ეს შეარჩიეს VII კლასელებმა მაგიურ მუსიკად. ბოლოს ბავშვებმა ამ დიდ მომღერალთან ერთად Felicità " იმღერეს.

            იმედი გვაქვს,ნიკა ესაკია, რომლის ფანტაზიის წყალობაა ამ მომღერლების საქართველოში ჩამოყვანა, შემდეგ შემოდგომისთვისაც მოუმზადებს სკოლას დაუჯერებელ სიურპრიზს

          • იტალიელი მოსწავლეები სტუმრად იტალიურ სკოლაში

          • სასწავლო გაცვლითი პროექტის ფარგლებში, წელს პირველად გვესტუმრნენ ქ. პალერმოს “მარია ადელაიდეს” სახელობის სკოლის 8 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. მოსწავლეები იცხოვრებენ თავიანთ თანატოლებთან ოჯახებში და ჩაერთვებიან საინტერესო აქტივობებში.🙋

             

            🟢 იმედი გვაქვს, მათი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში შთაბეჭდილებებით სავსე იქნება.

          • იტალიელი მოსწავლეების სტუმრობა საქართველოში

          • მიმდინარე სასწავლო წლის 18-25 ნოემბერს, პირველად გვესტუმრნენ ქ. პალერმოს "მარია ადელაიდეს" სახელობის საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში  "ავაშენოთ ერთად ევროპის მომავალი".  ქართველმა მოსწავლეებმა უმასპინძლეს თავიანთ თანატოლებს, რომლებსაც მაისში სტუმრობდნენ ქ. პალერმოში. იტალიელებმა ბევრ საინტერესო აქტივობებში  მიიღეს მონაწილეობა, მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, დაათვალიერეს თბილისი და ესტუმრნენ იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს. იმედი გვაქვს,  აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ქართველ და იტალიელ მოსწავლეებს და საინტერესოდ გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

          • ბავშვების გამგზავრება პალერმოში

          • ჩვენი სკოლის 10 მოსწავლე სასწავლო - გაცვლითი პროექტის ფარგლებში, გაემგზავრა იტალიაში ქალაქ პალერმოში ,,მარია ადელაიდეს"სახელობის სკოლის მიწვევით.🇮🇹 🇮🇹 🇮🇹

            🟢 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ქართველი მოსწავლეებისთვის. ისინი იცხოვრებენ იტალიელი თანატოლების ოჯახში, დაესწრებიან სასწავლო პროცესს სკოლაში, გაეცნობიან სიცილიის ღირშესანიშნაობებს 🇮🇹 🇬🇪 🇮🇹 🇬🇪

            🟢 შემოდგომაზე კი იტალიელ მოსწავლეებს უმასპინძლებს ჩვენი სკოლა 🇮🇹 🇮🇹 🇮🇹

            🟢 🇮🇹 იტალიური სკოლა წარმატებებსა და სასიამოვნო დროის გატარებას უსურვებს მოსწავლეებს იტალიის ამ არაჩვეულებრივ და საოცარ ქალაქში 🇮🇹

          • დიპლომების გადაცემის ცერემონია

          • 🇬🇪 1996 წელს თბილისში დაარსებული იტალიური სკოლა "ცისკრის" ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია: ელჩმა ენრიკო ვალვომ და სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ, მასწავლებლებისა და მშობლების თანდასწრებით დიპლომები გადასცეს მოსწავლეებს, რომლებმაც იტალიური სკოლის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

            საერთაშორისო სექტორის ხუთი კურსდამთავრებული სწავლას იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებს - იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი მათ შესაძლებლობას აძლევს, ჩაირიცხონ იტალიურ სასწავლებლებში სწავლისთვის აუცილებელი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.

            ელჩმა ენრიკო ვალვომ აღნიშნა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა სკოლა "ცისკრის" ხანგრძლივი მუშაობისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერის შედეგია და წარმატება უსურვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლას იტალიაში ან საქართველოში გააგრძელებენ.

          • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

          • 31/10/2022

            რუსუდან ყოინიშვილი - "საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი"

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს. წელს, პირველად, საქართველოში იტალიის საელჩოს და საზოგადოება "მინერვას" ინიციატივით, ჩატარდა წლის საუკეთესო  იტალიური ენის მასწავლებლის კონკური, სადაც ჩვენი სკოლის მიერ   წარდგენილი იყო   იტალიური ენისა და ლიტერატურის საოცარი პედაგოგი, მრავალი წიგნის, მეთოდური კრებულის, თარგმანის და თვალსაჩინოების ავტორი, ბავშვებისთვის უსაყვარლესი პედაგოგი  რუსუდან ყოინაშვილი. ჩვენის სკოლისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქალბატონ  რუსუდანს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური კომისიის და განათლების მინისტრის ბრძანებით მიანიჭეს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის"  წოდება.  ვულოცავთ, ჩვენი სკოლის უსაყვარლეს და უძვირფასეს მასწავლებელს, მის მოსწავლეებს და კოლეგებს ამ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით ქალბატონ რუსუდანს  მრავალწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

          • ლიდერებად არ იბადებიან

          • ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერობის სწავლა შესაძლებელია და ამას იტალიური სკოლის მოსწავლეები უკვე ამტკიცებენ!

            • ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავება
            • საქმიანი ურთიერთობების სტრატეგიის ჩამოყალიბება
            • ინდივიდუალური განვითარების გეგმის ფორმირება
            • დროის, იმიჯის, სხეულის მართვის სტრატეგიის შემუშავება
            • სტრესისა და კონფლიქტების მართვის საბაზისო უნარების განვითარება

            ჯერ კიდევ ორი თვის წინ ეს მხოლოდ მიზნების ჩამონათვალი იყო, ახლა კი იმ უნარების სიაა, რომლებსაც იტალიური სკოლის მოსწავლეები ფლობენ. 15 მარტიდან მათთვის სკოლაში სპეციალური პროექტი ამოქმედდა - ლიდერული განვითარების მყარი საფუძველი მოსწავლეებმა სასერტიფიკატო კურსით "ლიდერობა" შეიქმნეს. 

            "გავხადოთ სამყარო უკეთესი"  - ეს კი ის ჯგუფური პროექტია, რომლითაც მოსწავლეებმა თითქმის ორთვიანი კურსი შეაჯამეს, მოამზადეს ინდივიდუალური პრეზენტაციები და შეძენილი უნარების დასტურად შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს.

            კურსს თავად პროექტის ავტორი გაუძღვა - პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობით მოსწავლეებს საჭირო გამოცდილება ეკონომიკის დოქტორმა, ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ას-პროფესორმა, ეკატერინე გულუამ გაუზიარა.

          • მოსწავლეების თვითმმართველობა

          • მოსწავლეები სკოლის მმართველებს შორის - ეს იტალიური სკოლის ახალი რეალობაა.

            ადმინისტრაციული სამუშაოს ნაწილს აქ მალე სწორედ მოსწავლეები ჩაიბარებენ - ლიდერული უნარების განვითარებისთვის სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას ლიდერთა კლუბის წევრებთან გაიზიარებს.

            კლუბის დებულება უკვე დამტკიცებულია, დაკომპლექტებულია ღონისძიებების ორგანიზების, ასევე, სპორტისა და მარკეტინგი-კომუნიკაციის მიმართულებებიც.

            დღესვე მოსწავლეების არჩეულმა ლიდერმა კლუბის მიზნების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გამართა.  როგორ უნდა გაიზარდოს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი - ანა ათოშვილმა საკუთარი ხედვა და კლუბის სამოქმედო პროგრამა წარმოადგინა.

          • 14 აპრილი - დედაენის დღე

          • "მრავალჭირვარამგადანახადი, უნატიფესი ენა ქართული"

            14 აპრილი დედაენის დღეა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. საპასუხოდ თბილისში მასობრივი გამოსვლები მოეწყო, რამაც მოსკოვი აიძულა დათმობაზე წასულიყო.

            ქართული ენის წარმოშობის ისტორია იტალიური სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს. სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა, მე-20 საუკუნის ისტორიულ წიაღსვლებზე დაყრდნობით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძური წარმოაჩინეს.

            გავიხსენეთ 9 აპრილის ტრაგედია და ამ დღის გმირები.

            ღონისძიების დასრულების შემდეგ 7² კლასის მოსწავლეებმა ყვავილები მიიტანეს დედა ენის ძეგლთან.

          • ავტომუზეუმში

          • ავტომობილებით გადატვირთული თბილისის ქუჩებში თანამედროვეობის ერთფეროვნებაა - ბრენდების ცნობა შორიდანვე იოლია დაკვირვებული თვალისთვის.

            იტალიური სკოლის ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ინიციატივით, მეშვიდე პირველი კლასის მოსწავლეები თბილისის ავტომუზეუმს ესტუმრნენ, რომელიც კერძო კოლექციის ბაზაზე 2014 წელს შეიქმნა. 

            მუზეუმის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ავტომობილების ისტორიები და მახასიათებლები გააცნეს. ილია მეორის მანქანა, ავტომობილი, რომლითაც ედუარდ შევარდნაძე გადაადგილდებოდა და მანქანა ბიოგრაფიული ფილმიდან "ბონი და კლაიდი" - ეს იმ ნიმუშების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მუზეუმი ერთ სივრცეში აერთიანებს და რომლებიც იტალიური სკოლის მოსწავლეებისთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩენებად იქცა..

          • ერთი დღე მუზეუმში

          • იტალიური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა "მწერალთა სახლის" შენობა და დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი მოინახულეს.

            "სკოლები მუზეუმში" დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმისა და "მწერალთა სახლის" ერთობლივი პროექტია, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და არაფორმალური განათლებით გზით შემეცნებას ისახავს მიზნად.

            სინამდვილეში დავით სარაჯიშვილი იყო, ალბათ, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რეალურ ცხოვრებაში განახორციელა ის, რასაც ილია ჭავჭავაძე თეორიულად მთელი ცხოვრება ქადაგებდა და ალბათ, ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ ილია ჭავჭავაძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა დავითის მიმართ - ეს სიტყვები დათო ტურაშვილს ეკუთვნის.

            ვანო სარაჯიშვილი, იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი - ეს კი იმ გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და ხელოვანების  არასრული ჩამონათვლია, რომლებმაც  ცოდნა სწორედ დავით სარაჯიშვილის სტიპენდიით გაიღრმავეს.

            სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს უკვე იტალიურ სკოლაშიც იცნობენ. სტუმრობამ "მწერალთა სახლის" შენობასა და მემორიალურ მუზეუმში X კლასის მოსწავლეების ცოდნა კიდევ უფრო გაამდიდრა.

          • საჩუქარი აბიტურიენტებს

          • სავარჯიშოების კრებული, რომელიც აბიტურიენტებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება - საჩუქარი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა ამჯერადაც იტალიური სკოლისგან მიიღეს.

            აბიტურიენტებისთვის ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა თამარ მთვარელიშვილმა და ეკა ჭკუასელმა იმუშავეს. სახელმძღვანელო სწორედ მათი ავტორობით მომზადდა და შესაბამისად, მას საფუძვლად მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური გამოცდილება უდევს.

            სწორედ მრავალწლიანი ეფექტიანი მუშაობისა და მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რესურსის შექმნის გამო კრებულის ავტორებს მადლობა დირექტორმა მაია ლაგვილავამ გადაუხადა. პრეზენტაცია იტალიურ სკოლაში 7 აპრილს გაიმართა.

          • რუსუდან ყოინაშვილი - მაესტრა რუ

          • იტალიური სკოლა მრავალი წელია, მისი სახლია, რომელსაც რიგითი ნომერი არ სჭირდება. და მაინც რომელი სახლი? სკოლა-სახლი.

            ძალიან გაუხარდა, როცა ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე. სიხარულს კი მხოლოდ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რადგან თავმდაბლობა ბევრად სჭარბობდა.

            - როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი?

            ჩემი პროფესია განსაკუთრებული გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა, ის თავისით მოვიდა. გერმანული სკოლის დამთავრების შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, რომელიც პედაგოგიურიც იყო.

            - გაიხსენეთ პირველი გაკვეთილი...

            რა დამავიწყებს პირველ გაკვეთილს?! ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურის ნაცვლად სოფლის სკოლაში მოვინდომე გერმანული ენის მასწავლებლობა და განაწილებით კარდენახში აღმოვჩნდი. 22 წლისა მოკლე კაბით, ზღვის რუჯით და გრძელი, გაშლილი თმებით მასწავლებელს ნამდვილად არ ვგავდი. პირველი გაკვეთილი მეათე კლასში მქონდა და ბიჭებმა  მრავალჟამიერით სცადეს ,,არევა", მაგრამ ჩემი აღტაცებული სახე რომ დაინახეს, მაშინვე შეწყვიტეს სიმღერა, მე კი, განაგრძეთ გთხოვთ-მეთქი. იმ დღის მერე არევა არც უცდიათ.

            - რომელია მასწავლებლის 3 აუცილებელი მახასიათებელი?

            თვალი, რომელიც ხედავს. გული, რომელსაც უყვარს და თბილი ხელი, ბავშვს რომ უწვდის გასამხნევებლად. ეს, პოეტურად, ისე - შემოქმედებითობა, ფანტაზია და შინაგანი თავისუფლება.

            - რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის იტალიური ენას?

            ძალიან სათუთ სიმს შეეხეთ ამ კითხვით... იტალიური ენის წყალობით უმშვენიერეს სამყაროში აღმოვჩნდი და ეს უმძიმესი ჩაკეტილობის წლებიც იტალიური ენის მადლმა გადამატანინა. ამიტომ მუდამ მადლიერი ვიქნები ჩემი ბედისწერის და ჩემი დიდი მაესტრო ვანო ცაგარეიშვილის, რომელმაც წინ გადამიშალა იტალიური სამყაროს მშვენიერების მთელი პანორამა.

            - რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომელთაც უცხო ენის შესწავლა სურთ?

            ვურჩევდი ენა ისწავლონ სულისთვის და არა სერტიფიკატისთვის. ერთი ანკარა წყაროა, მეორე კი - ტექნიკური წყალი. ენას ისწავლი მაშინ, როდესაც მას შეიყვარებ, იგრძნობ და მართლაც, იმ ერის ნაწილად იქცევი. დაიწყეთ იმ ენაზე ნათქვამი მნიშვნელოვანი ფრაზებით, ნუ შეუშინდებით ენის არცოდნას, ენა მისტიკაა და მას ჩარჩოებში ვერ მოაქცევ. დაიწყეთ ლიტერატურით, სიმღერებით, ფილმებით და არა ზმნის უღლებით. ისმინეთ, მაშინაც კი, როცა არ გესმით და მერწმუნეთ, ამგვარად უდიდეს საგანძურს შეიძენთ ახალი ენის სახით.

            - ახლა რომ შეგეძლოთ, რომელ პროფესიას აირჩევდით?

            ჩემ პროფესიაზე მშვენიერი პროფესია აბა რომელია? ისე, ბოლო წლებია, მთარგმნელობასაც შევბედე.

            ფოტოზეც დამთანხმდა, საკუთარი წიგნის ხელში დაჭერა ვთხოვე, არ მითქვამს, რომ ჩემკენ გამოეხედა და გადავიღე.

          • არა ჩაგვრას!

          • ვთანხმდებით, ადამიანებს, მათ შორის ჩვენს უმცროს მეგობრებს, განვითარებისა და ბედნიერებისათვის ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება სჭირდებათ, რომლის წევრებიც ერთმანეთს პატივს უპირობოდ სცემენ - რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური, ... განსხვავებების მიუხედავად.

            პირველ აპრილს იტალიური სკოლის მოსწავლეები მოწვეულ სტუმართან, განათლების ადმინისტრირების მაგისტრანტთან, თამარ ლორთქიფანიძესთან დისკრიმინაციის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. უსამართლო მოპყრობის სახეებისა და მათთან ბრძოლის ისტორიის მიმოხილვის შემდეგ მათ ინფორმატიული ვიდეოებიც ნახეს. რომელთაგანაც, განსაკუთრებით შთამბეჭდავი რასიზმისა და სეგრეგაციის ეფექტის გამოსავლენად შექმნილი კლარკების კლასიკური ექსპერიმენტი აღმოჩნდა. კაცობრიობის წარსული გამოცდილებებისთვის თვალის გადავლების პარალელურად მოსწავლეება იმსჯელებს საკითხებზე, რომლებიც მათივე აზრით თანამედროვე საზოგადოებისთივს დღემდე გამოწვევად რჩება. ახალგაზრდებმა დისკრიმინაციისგან უფრო თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო გზების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს.

            ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იტალიურ სკოლაში პერმანენტული ხასიათი აქვს. ჩვენი მოსწავლეები, უკვე შეუდგნენ პირველი ნამუშევრებისა და პროექტების შექმნას, რომელთაც სულ რამდენიმე დღეში იხილავთ.

          • შეხვედრა ლევან ლორთქიფანიძესთან

          • 30 მარტს იტალიურ სკოლაში ჩატარდა შეხვედრა პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძესთან.

            სტუმარმა მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პრინციპებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ლოგიკებზე დაყრდნობით განიხილა:

            • უკრაინაში ომის, რუსეთ-საქართველოს და რეგიონის პოლიტიკური სირთულეები
            • საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ისტორია

            ბატონმა ლევანმა დემოკრატიულ პროცესებში ადამიანთა აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად დაასახელა.

            მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოხატეს დადებითი უკუკავშირი.

          • "არ დააბინძუროთ გარემო!"

          • სასკოლო პროექტის "მწვანე არჩევანი"-ს ფარგლებში, იტალიური ენის კათედრის ინიციატივით (პედაგოგები: ქეთევან სიხარულიძე, ნატალია მიჩინაშვილი, ლუკა ვერჯერიო და ეკა ლაგვილავა)  ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს თარგმანი იტალიურიდან ქართულ ენაზე ელემენტების გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.

            ამავდროულად V-VI კლასელებმა დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები წარწერით:"არ დააბინძუროთ გარემო!"

            მესამე საფეხურის მოსწავლეებმა კი სკოლის იტალიელ პედაგოგისგან აიღეს ინტერვიუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ინტერვიუს მიზანი იყო გაერკვიათ თუ რა გამოცდილებაა ამ კუთხით მეგობარ ქვეყანაში-იტალიაში.

            განხორციელებულ პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკო ცნობიერების გაზრდას გლობალურ პრობლემასთან მიმართებაში.

          • "მწვანე არჩევანი"

          • მიმდინარე სასწავლო წელს ,სკოლის  საგნობრივი კათედრების თანამშრომლობით შეიქმნა ინტეგრირებული სასკოლო პროექტი  –  "მწვანე არჩევანი", ანუ ერთად ვიზრუნოთ, რომ 2022 წელს,  მეტმა ადამიანმა  გააკეთოს  მწვანე არჩევანი და  გალვანური ელემენტები ჩავანაცვლოთ ეფექტური ალტერნატივით და ნაგავში არ გადავყაროთ ერთჯერადი გამოყენების  ელემენტი.

            პროექტი ითვალისწინებს,  დავაფიქროთ სასკოლო საზოგადოება და ვიდრე თითოეული მათგანი გამოყენებულ ელემენტს ნაგვის ურნაში ჩააგდებს,  საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვას: ამ ქმედებით გარემოს ზიანს ხომ არ ვაყენებ? რადგან, როგორც ცნობილია ერთჯერადი გამოყენების  ელემენტი საკმაოდ სახიფათო ნარჩენია…

            აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლის V-VII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგის, შორენა მერაბიშვილის მხარდაჭერით, გალვანური ელემენტების შესახებ მოიძიეს მეტი ინფორმაცია, შექმნეს პოსტერები და წარადგინეს პრეზენტაციები, რის შედეგადაც გაიზარდა მოსწავლეთა ცნობიერების დონე ელემენტების მავნებლობის შესახებ.

            სასკოლო პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ - სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების გაზრდა, მათი ინფორმირება გარემოსდაცვითი კუთხით და მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში.

          • "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

          • 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარი სლოგანიცაა "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

            გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ორგანიზაციის ინიციატივით, “უთვალავი წინდის" ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იმართება.

            ეს აქტივობები მიმართულია საზოგადოების ინფორმირებულობის, ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერისაკენ.

            იტალიური სკოლაც შეუერთდა სოლიდარობის გლობალურ აქციას- სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ჩართულობით ( პედაგოგი ცისია სუხიაშვილი) სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია.

            მათ ისაუბრეს სინდრომის მიზეზებსა და შედეგებზე. ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია მოზარდ თაობაში  პოზიტიურად გაიზარდოს  მიმღებლობა ამ პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა აზრთა ურთიერთ გაზიარება.