• კვლევა - ინტეგრირებული გაკვეთილი
          • კვლევა - ინტეგრირებული გაკვეთილი

          • ინტეგრირებულიგაკვეთილების როლი სწავლა -სწავლების პროცესში

            2018-2019 სასწავლო წელს იტალიური სკოლის  მათემატიკის კათედრისა და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა:  მანანა თოფურიამ და მარინა ხომასურიძემ  ჩაატარეს კვლევა თემაზე „ინტეგრირებულიგაკვეთილების როლი სწავლა -სწავლების პროცესში“.კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ  რამდენად უწყობს ხელს საგანთა ინტეგრირებული სწავლება  სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა აღჭურვას  ქმედითი ცოდნით. საჭიროა თუ არა საკუთარ პრაქტიკაში ამ ტიპის გაკვეთილებზე მეტი აქცენტის გაკეთება და რა კუთხით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.

          • ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია

          • 2019 წლის 23 მაისს მე-IV/2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, გიორგი ლეონიძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ,,ნატვრის ხის" მოტივებზე შექმნილი ლიტერატურულ-მხატვრული კ ო მ პ ო ზ ი ც ი ა. დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ხაჭაპურიძე, მუსიკის მასწავლებელი -თინათინ მაჩაბელი.

            ,,ი ც ოც ხ ლ ე გოგლა,შენ ჩვენთანა ხარ!.."პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს ნოველათა გმირები-დეიდა მაიკო, მარიტა, ფუფალა, ელიოზი, ჩორეხი....,გოგლას ბავშვობისა და ცხოვრების წლები..., ოსტატურად შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელზე შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა,

            ღონისძიებას ესწრებოდა პოეტის შვილიშვილი გიორგი ლეონიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა პატარებს თბილი და გულწრფელი შეხვედრისათვის.

             ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდუბის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი მაია მაღრაძე, სკოლის დირექცია,პედაგოგები და მშობლები.

            პატარებს ეს ლამაზი დღე დიდხანს ემახსოვრებათ.

          • სკოლის სტუმარი - იტალიელი პოეტი ვანი ბიანკონი

          • 2019 წლის 20 მაისს იტალიური სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა ,,ლიბრიამოჩიმ” უმასპინძლა, შვეიცარიაში მცხოვრებ, ახალგაზრდა იტალიელ პოეტ ვანი ბიანკონის მეუღლესთან ერთად.

            თარგმნის სპეციფიკაზე დასმულ შეკითხვებზე, კლუბის მუზებმა, საინტერესო პასუხები მოისმინეს პოეტის მეუღლისაგან, რომელიც პროფესიით მთარგმნელი აღმოჩნდა.  მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა თავად ბატონი ვანი ბიანკონი, მან სკოლას საჩუქრად გადმოსცა საკუთარი პოეზიის ქართული თარგმანის კრებულის საკმაოდ დიდი რაოდენობა.

            ლიტერატურული კლუბის შთაბეჭდილების წიგნში დატოვებული ჩანაწერი მეტყველებს შეხვედრის მნიშვნელობაზე. აი, რა ჩანაწერი დატოვეს პოეტმა და მისმა მეუღლემ: პოეტი - ,,მადლობა თბილისელ მუზებს, რომლებიც ჩაწვდნენ ჩემი პოეზიის პოლიფონიას და სახიერად ააჟღერეს.'' პოეტის მეუღლე - ,,მადლობა ამ შეხვედრისთვის, თქვენ ახლიდან აღმომაჩენინეთ ვანის ლექსები.''

            ვანი ბიანკონი, ლაჟვარდისფერი თვალებიდან გამოსხივებული ღიმილით, კეთილი სურვილებით და მომავალი შეხვედრების იმედით დაემშვიდობა მასპინძლებს. იტალიური სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი პოეტი მეგობარი შეიძინეს. ,,ვანი ჩვენი მეგობარია''-ასე გამოხატეს მუზებმა პოეტთან შეხვედრით გამოწვეული აღფრთოვანება

          • 2019 წლის მაისი, სასწავლო-გაცვლითი პროექტი იტალიასთან

          • 2019 წლის 4 მაისს, იტალიასთან სასწავლო-გაცვლით პროექტის ფარგლებში,  ბილინგური სწავლების იტალიური სექტორის VIII  და  IX კლასის მოსწავლეები, იტალიური ენის პედაგოგთან მაია ბუხნიკაშვილთან ერთად იტალიაში გამგზავრნენ. პროგრამაში, გარდა სასკოლო-სასწავლო აქტივობებისა შედის ექსკურსიები, გასართობი კულტურული ღონისძიებები და სხვადასხვა შეხვედრები.

          • დაწყებითი კლასების კათედრის კვირეული

          • 25 მარტს იტალიურ სკოლაში დაიწყო დაწყებითი კლასების (I-II-III) კათედრის კვირეული. კვირეული მოსწავლეთა საგაზაფხულო ნახატების გამოფენით გაიხსნა. გახსნის ღონისძიება მუსიკის ჰანგებისა და ვიდეოკოლაჟის თანხლებით მიმდინარეობდა, ეს დღე I, II და III კლასელებისათვის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. მოსწავლეები სკოლაში გაზაფხულის ფერებში გამოწყობილი ტანსაცმლით გამოცხადნენ. დაწყებითების სართულზე საზეიმო განწყობა სუფევდა.

            გახსნის ცერემონიალის შემდეგ ჩატარდა ზოგადი უნარების ოლიმპიადის ,,ასფურცელას" მეორე ტური. კვირეულის ფარგლებში, III/1 კლასში ჩატარდა დებატები თემაზე ,,ბედნიერება"- პედაგოგი ინგა თეთრაძე; I/2 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში ,,ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა ყოფით საგნებში ან მათ ილუსტრაციებში"- პედაგოგი ნანა ვაჩიბერიძე; I/1 კლასს ჩაუტარდა ინტეგრირებული (გასვლითი) გაკვეთილი, ბუნება-იტალიური ენა- პედაგოგები: ნინო ხოხობაშვილი, მაია ბუხნიკაშვილი; III/2 კლასს გაკვეთილი ჩაუტარდა აბრეშუმის მუზეუმში - პედაგოგი დალი ქოქოშვილი; ასევე, კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო, ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, ერთობლივი პროექტის ,,მზიანი კაცის" პრეზენტაცია. პედაგოგთა კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პედაგოგების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი რესურსები; კვირეული დაიხურა II კლასის ლიტერატურული კომპოზიციით, ,,გაკვირტულა, გაკვირტულა, შინდის ტოტი გაკვირტულა" - პედაგოგი მაია ალავიძე

          • იტალიური ენის კათედრის კვირეული

          • 25 თებერვლიდან იტალიურ  სკოლაში მიმდინარეობდა იტალიური ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე).

            კვირეულის  ფარგლებში მოეწყო: Kahoot-ის პლატფორმაზე აგებული სასწავლო თამაში, იტალიური სამზარეულოს დღეები.  წარმოადგინეს: მხატვრული თარგმანები, პოეზიის სამყარო.  შედგა პროექტის ,,გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების დაცვის“ პრეზენტაცია.  კვირეული დასრულდა კარნავალით.   ერთი კვირის განმავლობაში სკოლის კედლებში იტალიური გარემო სუფევდა.

          • სკოლის სტუმარი - პალერმოს თეატრის ტენორი პაოლო ლევანტინო

          • 18 თებერვალს იტალიურ სკოლას ეწვია იტალიელი მომღერალი, პალერმოს თეატრის ტენორი პაოლო ლევანტინო.

            საქართველოზე შეყვარებულ, იტალიელ სტუმარსა და მის ქართველ მეუღლეს მასპინძლობა ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის'' მუზებმა გაუწიეს. შეხვედრა გამორჩეულად თბილი, ხალისიანი და უშუალო გამოდგა, რაც მომღერლის წრფელმა,იუმორით აღსავსე, გულითადმა პიროვნულმა მონაცემებმა განაპირობეს.

            პაოლო ლევანტინომ მოსწავლეებთან ერთად იმღერა, ისაუბრა იტალიელ ოპერაზე და თავადაც შეასრულა არიები ცალკეული ნაწარმოებებიდან. მომღერალმა მოსწავლეებს ბევრ საინტერესო კითხვაზე გასცა პასუხი. მუზების პატარა მეგობარმა, ალესანდრო გორდეზიანმა, იმღერა ,,სანტა ლუჩია“, რომელსაც სიმღერაში იტალიელი სტუმარიც აყვა. ბატონმა პაოლო ლევანტინომ ინტერესით მოისმინა ლიტერატურული კაფეს ,,ლიბრიამოჩის“ შექმნის ისტორია, შესრულდა ,,ლიბრიამოჩის '' ჰიმნი.

            შეუმჩნევლად გავიდა ორი საათი, მოსწავლეები დიდებულ ხელოვანთან შეხვედრით, აღტაცებული და ბედნიერები იყვნენ. 2019 წლის 18 თებერვალი მოსწავლეთა მეხსიერებას სამუდამოდ კეთილ მოგონებად შემორჩება.

        • გიორგი ბაქრაძის სტუმრობა
          • გიორგი ბაქრაძის სტუმრობა

          • X, XI კლასის მოსწავლეთა თხოვნით, 28 იანვარს სკოლაში  მოწვეული იყო ბატონი გიორგი ბაქრაძე (ეკონომიკის მაგისტრი, ინტელექტუალური ტელეგადაცემის ქართული ,,რა? სად? როდის?" პირველი მაგისტრი). მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია თემაზე ეკონომიკის საწყისები. დასასრულს ბევრ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი.

          • ზამთრის ბანაკი

          • იტალიური სკოლის მოსწავლეები, შემეცნებითი გასართობი პროგრამით საშობაო არდადეგებზე ბაკურიანის ზამთრის ბანაკში იმყოფებიან.
            ამ ეტაპზე, ბანაკში ისვენებენ VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, იტალიური ენის პედაგოგები: ნატა მიჩინაშვილი, მაია ბუხნიკაშვილი და სკოლის HR მენეჯერი ხათუნა ხუციშვილი.

          • საახალწლო სპექტაკლები

          • დეკემბრის ბოლოს იტალიური სკოლის დაწყებითი განათლების კათედრა, სკოლაში შექმნილ საახალწლო განწყობას საინტერესო ღონისძიებებით შეუერთდა:
            24 დეკემბერს II კლასის მოსწავლებმა წარმოადგინეს სპექტაკლი: ,,საახალწლო ზღაპარი". კლასის ხელმძღვანელი მაია ალავიძე;   III1 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, კლასის ხელმძღვანელის ინგა თეთრაძის სცენარით, შექმნილი სპექტაკლი ,,საშობაო ამბავი“.
            27 დეკემბერს I2 კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს ,,კოჯრის ტყის ზღაპარი".კლასის ხელმძღვანელი, ნანა ვაჩიბერიძე; III2 კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,კატის წვეულება ტყეში". კლასის ხელმძღვანელი დალი ქოქოშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი მედეა კობაიძე.
            სპექტაკლების მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა მარინა ლეკიშვილმა.

          • საახალწლო აქცია „მოვრთოთ, არ მოვჭრათ, დავრგოთ“

          • 26 დეკემმბერს დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგთან ცისია სუხიაშვილთან ერთად, აქციის ფარგლებში ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში (კიკვიძის პარკი) ნაძვის ხეები  საახლწლო სათამაშოებით მორთეს.

          • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

          • იტალიური სკოლა “ცისკარის” ისტორიის პედაგოგი მაია ფირჩხაძე და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი მანანანა ბოჭორიშვილი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემატიკა იყო ინკლუზიური განათლება: კვლევა, სწავლა, სწავლება და სტუდენტური მხარდაჭერა.

            კონფრენციის ორგანიზატორია საერთაშორისო სამეცნიერო კოლეგია, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს, ევროპისა და ისრაელის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნე პროექტის წევრი ისრაელის, ჩეხეთის, რუმინეთის, ინგლისის, ლიტვის, საქართველოს უნივერსიტეტები, ასევე თემით დაინტერესებული ბელგიის, შვედეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას უნივერსიტეტები და სხვადასხვა ინსტიტუციები. იხილეთ სრულად

          • საახალწლო კომპოზიცია

          • იტალიური სკოლის IV2 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის სააქტო დარბაზში, 25 დეკემბერს წარმოადგინეს საახალწლო ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია - ავტორი კლასის ხელმძღვანელი მაია ხაჭაპურიძე, მუსიკალური გაფორმება - პედაგოგი თინათინ მაჩაბლი.
            მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელის, გიორგი ლეონიძის, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის და თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები, წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საშობაო ტრადიციები. დასასრულს მოსწავლეებმა იტალიურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს ახალი წლისადმი მიძღვნილი ლექსები.

          • ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული

          • 26-30 ნოემბერს იტალიურ სკოლაში მიმდინარეობდა ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი თინა მაჩაბელი).

            კვირეულის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა:  მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, კონკურსი საბავშვო სიმღერებში, ვიქტორინა, პრეზენტაცია, დისკუსია თემაზე: ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, მხიარული სტარტები, ტურნირი ჭადრაკში, გასვლითი ღონისძიება საკრავების მუზეუმში და სხვ. კვირეულმა სასიამოვნო და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

          • იტალიელი სტუმრები

          • იტალიასთან სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში 10 ნოემბერს, სკოლას ეწვია ქ. ბორგომანეროს პიერო გობეტის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთან ვალენტინა ძანეტასთან ერთად. იტალიელი სტუმრები, ჩვეულებისამებრ წელსაც ქართველი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ.

            პროექტის ფარგლებში, გარდა სასკოლო-სასწავლო აქტივობებისა, პროგრამაში შედიოდა ექსკურსიები, გასართობი კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა. გამოსამშვიდობებელ საღამოზე, სკოლის კაფეტერიაში ჩვენმა სტუმრება მოაწყვეს იტალიური ვახშამი, მოამზადეს ნაციონალური კერძები. იტალიელმა მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს მასპინძელი მშობლებისადმი. ბავშვები ყოველთვის გულწრფელები არიან და ამოდენა სიყვარულის დამსახურება მარტივად არ ხდება.

        • "Libriamoci" შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს
          • "Libriamoci" შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს

          • 2018 წლის 25 ოქტომბერს, იტალიურ სკოლა,,ცისკრის“ ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci“ უკვე მეოთხედ შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს. შეხვედრა ალესანდრო დ'ავენიას წიგნს -,,რძესავით თეთრი და სისხლივით წითელს'' მიეძღვნა (თარგმნა და საზოგადოებისათვის გაცნობა). ალესანდრო დ'ავენია და მისი საოცარი სამყარო დიდი აღმოჩენაა ლიტერატურული კაფესათვის. მწერალი თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, იტალიელი მასწავლებელია.

            აღნიშნული ნაწარმოები ეხება მოზარდთა პრობლემებს, რასაც გაგება, გვერდში დგომა სჭირდება და არა გაკიცხვა. ალესანდრო დ'ავენია თავის ნაწარმოებში ამბობს სწორედ, რომ კაცობრიობა ოცნების წყალობით დგამს წინ ნაბიჯს. ლიტერატურულ კაფეს წევრებს სწამთ, რომ ეს ოცნება ახდება. VIII კლასის მოსწავლეებისათვის ეს შეხვედრა განსაკუთრებული გახლდათ, რომლებმაც იტალიურ ენაზე, მხოლოდ წელს დაიწყეს იტალიური ლიტერატურის შესწავლა.

            ქალბატონმა თამარ მიდელაშვილმა (ფილოლოგი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში) პროფესიულ დონეზე განიხილა და საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ თარგმანებს, მან ხაზი გაუსვა, წიგნთან დაახლოების თვალსაზრისით, ამ პროექტის უდიდეს მნიშვნელობას. დასასრულს, ლიტერატურული კაფეს წევრებს ქალბატონმა რუსუდან ყოინაშვილმა გადასცა, იტალიის საელჩოს გადმოგზავნილი, სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები

          • „ჯანსაღი ცხოვრების წესი“

          • ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, იტალიურ სკოლაში დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. ყოველწლიურად I-XII კლასების მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად ორგანიზებულად გადიან ქალაქგარეთ, ბუნებაში. 

            12 ოქტომბერს, სასკოლო პროექტის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ რუსთავის ტყე-პარკს. ამ ულამაზეს გარემოში ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი-გასართობი აქტივობები.                                                                                                

             მოსწავლეებმა კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს ბუნებაში

          • გილოცათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

          • ყველას  გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს.

            განსაკუთრებით ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს.

            ძვირფასო მოსწავლეებო, სკოლის კედლებში გატარებული ყოველი დღე თქვენთვის სიხარულის, წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი ყოფილიყოს.

             უკვე 22 წელია იტალიურ სკოლაში ვეგებებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ  ყოველ  სასწავლო წელს ულევი წარმატება მოეტანოს თითოეული ჩვენთაგანისათვის.